საზოგადოება
31.05.2020 13:39
31 მაისს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დღე შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულ შემადგენლობას მიულოცეს.

პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის 10 თანამშრომელი მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვეს. სამინისტროს 5000-მდე თანამშრომელს კი სხვადასხვა სახის ჯილდო გადაეცა.

დღესვე, გიორგი გახარიამ და ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დღესთან დაკავშირებით, გვირგვინით შეამკეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

პრემიერმა ყურადღება გაამახვილა პოლიციის როლზე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში.

„ექიმები და შემდგომ პოლიციელები, ყველა ერთად, 24 საათის განმავლობაში მუშაობდნენ. 10 000 კაცია შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამ პროცესში ჩართული. როდესაც ადამიანს ესმის იმ საქმის მნიშვნელობა, რასაც აკეთებს, მეტი ღირსებით აკეთებს ამას, მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს, მეტი პასუხისმგებლობა აქვს თითოეული მოქალაქის და საერთოდ, სამართლიანი ნაბიჯების, სამართლიანი ქმედებების კონტექსტში. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ვერ განვითარდება ქვეყანა, ვერ გახდება წარმატებული, ძლიერი სახელმწიფო, თუ თქვენ ღირსეულად და სამართლიანად თქვენს საქმეს არ გააკეთებთ. ეპიდემიასთან ბრძოლაში პოლიციის როლი, ფუნქცია, გამოყოფილია, ცალკეა. საერთო საქმეში ამ როლის და ფუნქციის მნიშვნელობა უდიდესია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჩართულია ქვეყნის ცხოვრების ყველა სფეროში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ღირსება და სამართლიანობა არის უდიდესი ფასეულობა, იმიტომ რომ ყველგან ხართ. ადამიანი, რომელიც ქუჩაში გამოდის, ის სახელმწიფოს პირველ რიგში აღიქვამს თქვენი საშუალებით. აი, ფორმიან ადამიანს ხედავს და მისი ქცევის მოდელი არის სახელმწიფოს მოდელი.

რა თქმა უნდა, ყველა ის პოლიციელი და შსს-ს ყველა თანამშრომელი, რომელმაც თავი გაწირა, როგორც კრიმინალთან ბრძოლაში, ასევე ქვეყნის ინტერესების, ერთიანობის, დაცვის კონტექსტში, ყველა უნდა გვახსოვდეს, ყველას პატივი უნდა მივაგოთ, ყველას ოჯახებზე უნდა ვიზრუნოთ, ყველას შვილებს უნდა მივხედოთ, მარტივი ჭეშმარიტებებია ეს ყველაფერი. ის რაც ჩვენს ღირსებას, პოლიციელის მუნდირის ღირსებას აძლიერებს, ეს არის ის ყოველდღიურად რითიც უნდა ვიცხოვროთ, ვისუნთქოთ და ვიმუშაოთ. ეს არის და ეს. კიდევ ერთხელ გილოცავთ და იცოდეთ, რომ იმაზე უფრო დიდი ღირსება, ემსახურო შენს ქვეყანას და მოქალაქეს, დაიცვა მისი ჯანმრთელობა, სიცოცხლე, მშვიდი ყოველდღიური ცხოვრება, ამაზე უფრო დიდი ღირსება არ არსებობს “, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კვირის ამბები