საზოგადოება
31.05.2020 08:17
თეთრი წინსაფრები და მაისურები, გორელი მეთორმეტეკლასელები ,,ბოლო ზარის“ გარეშე და სკოლის დამთავრების მოკრძალებული აღნიშვნა რეკომენდაციების დაცვით

მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდა, თუმცა, სხვა წლებისგან განსხვავებით, დისტანციური სწავლების პირობებში, ,,ბოლო ზარი“ ვერ შედგა. 20 მაისის შემდეგ კი, მეთორმეტეკლასელთა ნაწილმა თეთრი წინსაფრები და მაისურები მაინც მოირგო და მასშტაბური ღონისძიებების გარეშე, სიმბოლურად აღნიშნა სკოლის დამთავრება.

,,იმის მიუხედავად, რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ვგეგმავდით, როგორც ჩვენ გვინდოდა, მაინც შევძელით და შევქმენით ჩვენთვის დასამახსოვრებელი და მოგონებებით სავსე ერთი დღე.

ვერ შევძელით სკოლის ეზოში თითქმის ერთი წლით ადრე დაგეგმილი ფლეშ მობის გამართვა, ვერც ბოლო ზარის დარეკვა შევძელით, მაგრამ პანდემიის პირობებში, იმ რეალობაში, რომლის წინაშეც მსოფლიო სწორედ მაშინ აღმოჩნდა, ჩვენ რომ სკოლას ვამთავრებდით, ამითაც კმაყოფილებიც ვართ.

ჩვენ, დღევანდელი მეთორმეტეკლასელები როდესაც სკოლაში შევედით, 2008 წლის ომი დაიწყო და როცა დავამთავრეთ - პანდემია.

რეკომენდაციების დაცვით, თუმცა, გარკვეულწილად მაინც შევძელით, რომ ლამაზად დაგვმახსოვრებოდა ეს დღე.

მადლობა ჩვენს პედაგოგებს ამ 12 წლისთვის, მადლობა გორის რესურსცენტრს, მადლობა მთავრობას, რომ შეძლეს ვითარების დარეგულირება და ჩვენც შევძელით სკოლის დამთავრება და ეროვნულ გამოცდებამდე მისვლა, მადლობა პოლიციას, რომ ასე გაგებით შეხვდნენ ჩვენს მოკრძალებულ ,,ბოლო ზარს“.

რაც გულით გინდა, ყოველთვის გამოგივა“, - ამბობს GMnews-თან საუბრისას მარიამ ეშმაკურაშვილი.

,,ბუნებრივია, განსაკუთრებულად ველოდით ამ დღეს, მაგრამ პანდემია მხოლოდ ჩვენი - მეთორმეტეკლასელების ან საქართველოს პრობლემა არ არის, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში, ყველა სფეროში შეიქმნა პრობლემები და სწორედ შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენც სიმბოლურად აღვნიშნეთ სკოლის დამთავრება - თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები და სურვილები დავუტოვეთ ერთმანეთს. ყველა მეთორმეტეკლასელს ვულოცავ სკოლის დამთავრებას და წარმატებებს ვუსურვებ", - განაცხადა GMnews-თან გვანცა აბულაძემ.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში სკოლა 1364-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 208 მოსწავლემ - ოქროს მედალზე, 75 კი, ვერცხლის მედალოსანია.

შეგახსენებთ, რომ გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მეთორმეტეკლასელებს GMnews-ის საშუალებით 20 მაისს მიმართა და სკოლის დამთავრება მიულოცა.

,,მინდა, ყველა მეთორმეტეკლასელს მივმართო თქვენი საინფორმაციო საშუალების მეშვეობით, ძვირფასო კურსდამთავრებულებო, ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო! ვიცი, როგორ ელოდით დღევანდელ დღეს დიდი ხნის განმავლობაში. ვიცი, სხვანაირად წარმოგედგინათ სკოლაში ყოფნის ბოლო დღე. დღეს, ყველა სკოლის ადმინიტრაცია და ყველა პედაგოგი განსაკუთრებულად გეფერებათ, მეც - მათ შორის. სიყვარულით დაგილოცავთ გზას დიდ ცხოვრებაში. გისურვებთ გააზრებული, თავისუფალი, სწორი არჩევანის გაკეთებას. იმის მიუხედავად, საით გაგიწევთ თქვენი გული და გონება, წარმატება იყოს თქვენი მეგზური. ქვეყანას სჭირდებით თითოეული თქვენგანი თქვენი შესაძლებლობებით და გისურვებთ ამ შესაძლებლობების რეალიზებას. მიგულეთ თქვენს გულშემატკივრად“, - აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

GMnews-ი გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც გორელმა მეთორმეტეკლასელებმა მოგვაწოდეს.

 


კვირის ამბები