საზოგადოება
29.05.2020 13:59
იგეგმება თუ არა რაიმე სახის ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გორში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს - 1-ელ ივნისს, გორში არანაირი აქტივობა არ განხორციელდება, - ამის შესახებ GMnews-ს გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, რამაზ შიოშვილმა განუცხადა.

შიოშვილის თქმით, კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიოში არსებული პანდემიის ფონზე, წელს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ზეიმისა და ღონისძიებების გარეშე ჩაივლის.

„მოგეხსენებათ, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, არაერთი მასობრივი ღონისძიება გადაიდო, მათ შორისაა 1-ელი ივნისიც. წელს, ჩვენი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელ პატარებს გართობისა და დასვენების პარკ „ახალბაღში“ არ ვუმასპინძლებთ, ასევე, არ არის დაგეგმილი რაიმე სახის აქტივობა არც ღია და არც დახურულ სივცეში“, - აღნიშნა GMnews-სთან საუბრისას რამაზ შიოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, იგი 1949 წლის ნოემბერში ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ დააწესა. 1950 წლიდან კი, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აღინიშნება.

კვირის ამბები