29.05.2020 12:51
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მწერალთა სახლში შემოქმედებითი საღამო გაიმართა
რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, პირველი არადისტანცირებული შემოქმედებითი საღამო გაიმართა მწერალთა სახლში. გორში მოღვაწე მწერლებმა, ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიუძღვნეს და ქუჩაში გამვლელებს, სამახსოვროდ, ორგანიზაციის მიერ გამოცემული ლიტერატურული ჟურნალები გადასცეს. როგორც Gmnews-თან მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა მარინა ჯალიაშვილმა აღნიშნა, საჩუქარი დიდ სამსახურს გაუწევს მათ, ვინც სახლში დარჩენისა და თვითიზოლაციის პერიოდში თანამედროვე ავტორების ნაწარმოებების გაცნობა ვერ მოახერხა.
„მოგეხსენებათ, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო, იყო რამდენიმეთვიანი პერიოდი, როდესაც ვერ შევძელით დაინტერესებული მკითხველისთვის ჩვენი მწერლების შემოქმედება გაგვეცნო. ამიტომ, განსაკუთრებით ბედნიერი ვარ, რომ მიუხედავად გარემოებისა შევძელით, რამდენიმე ავტორი შევიკრიბეთ მწერალთა სახლში და აქედან მივულოცეთ საქართველოს ეს დღესასწაული. შემდეგ კი, გამვლელ მოქალაქეებს საჩუქრად ჩვენი ორგანიზაციის მიერ გამოცემული ჟურნალები ვუსახსოვრეთ. სხვა რა შეგვიძლია ჩვენ, მწერლებს, თუ არა ის, რომ ჩვენი კალმით, სიტყვით ვემსახუროთ ადამიანებს,“ - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა, მარინა ჯალიაშვილმა.