განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმისსაფუძველზე, კომპანია „გლობალსელმა“ სასკოლოპროცესისთვის ადაპტირებული 150 ერთეული პლანშეტი გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლების - წითელუბნისა და ხურვალეთს სკოლის მოსწავლეებს სრულიად უსასყიდლოდ გადასცა.
განათლების მინისტრის მოადგილის, ეკა დგებუაძის თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე, როდესაც მსოფლიო დისტანციური სწავლის მეთოდზეა გადასული, მსგავსი პროექტების განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლეებს ტექნოლოგიებთან წვდომა სწავლის დაწყების პირველივე ეტაპზე ჰქონდეთ.
„სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრირება სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პანდემიის პერიოდში დისტანციური სწავლების ონლაინ მეთოდების დანერგვა ერთ-ერთ ეფექტიან გზად იქცა სწავლა-სწავლების უწყვეტად მიწოდების პროცესში. სწორედ ამიტომ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობს უზრუნველყოს ყველა მოსწავლისთვის ონლაინ-სწავლებაზე ხელმისაწვდომობა“, - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ ტექნიკის გადაცემისას.
„სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის, განათლების ,მეცნიერების,კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს, ეკა დგებუაძეს, კომპანია „გლობალ სელის " დირექტორს გიორგი მადუაშვილს და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს ქალბატონ ნანა ტერმაკოზაშვილს, მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის, რომლის ფარგლებშიც ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლემ საჩუქრად მიიღო პლანშეტი,რომელიც უზრუნველყოფს პანდემიის პერიოდში ყველა მოსწავლის ონლაინ სწავლა-სწავლების მაქსიმალურ ხელშეწყობას და ჩართულობას“ - აღნიშნა წითელუბნის საჯარო სკოლის დირექტორმა ლამზირა მუზაევმა.
როგორც განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია მითითებული, ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გაიმართა.