ვფიქრობ, საგანგებო მდგომარეობის დროს გამოწერილი ჯარიმები შეძლებისდაგვარად უნდა შევამსუბუქოთ, - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საგანგებო და კარანტინის წესების დარღვისთვის დაწერილ ჯარიმებზე საუბრისას განაცხადა. მდინარაძის თქმით, ჯარიმების აბსოლუტური ჩამოწერა ცუდი სტიმული იქნება ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება პოტენციური დამრღვევები იყვნენ, თუკი, ქვეყანაში კოვიდინფექციის მეორე ტალღა იქნება.
„თუ ჩვენ გვექნა კოვიდინფექციის მეორე ტალღა, ჯარიმების აბსოლუტური ჩამოწერა ცუდი სტიმული იქნება ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება იყვნენ დამრღვევები, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 3 ათასი ლარის გადახდა, ალბათ, 90%-სთვის შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, რაღაც შუალედური გადაწყვეტილება უნდა მოვიფიქროთ. მე ინიციატივას გავახმოვანებ ჩემს გამოსვლაში, რომ უკვე არსებული ჯარიმების შემსუბუქება მოხდეს, თუმცა შემსუბუქების ფარგლებიც უნდა განვსაზღვროთ, რათა ერთი მხრივ, არ დავაზიანოთ პრევენციული თვალსაზრისით ჯარიმის მიზანი, სექტემბერ-ნოემბერში ადამიანებმა არ იფიქრონ, რომ თუ ვინმე დააჯარიმეს, ეს მაინც მოეხსნებათ. ეს დაუშვებელია, თუმცა უნდა ვიფიქროთ მაგალითად, სოციალურად დაუცველ ადამიანებზე, რომ მათ სიმბოლურამდე დაყვანილი თანხა გადავახდევინოთ ამ ჯარიმებიდან,“ – განაცხადა მდინარაძემ.