გორში ბიოდეგრადირებადი პარკების საწარმო ამოქმედდა. აღნიშნული საწარმო საქართველოში ერთადერთია, რომელიც ბიოდეგრადირებად პარკებს და მისთვის საჭირო ნედლეულსაც ამზადებს.
საწარმო შიდა ქართლის რწმუნებულმა გიგი ხოჯევანიშვილმა დაათვალიერა და მუშაობის პროცესს გაეცნო.
კომპანია ,,ეკო ჯორჯია" სახელმწიფო პროგრამის - ,,აწარმოე საქართველოში” ფარგლებში ამოქმედდა და შესაბამისი ვალდებულებების სანაცვლოდ, გორში მდებარე მიწის ნაკვეთი და 3355 კვ.მ. შენობა-ნაგებობა სიმბოლურ ფასად -1 ლარად გადაეცა.
,,გორში ფუნქციონირება დაიწყო ახალმა საწარმომ, ეს არის ბიოპლასტიკის საწარმო, რომელიც ქმნის ეკოლოგიურად სუფთა სხვადასხვა სახის პროდუქციას, რომელიც კანონმდებლობით არის დაშვებული. საწარმოს ამოქმედება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა. აღნიშნული საწარმოს ამოქმედებაში აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტრო და სწორედ სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელდა ეს მნიშვნელოვანი პროექტი“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.
საწარმოს ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ იგეგმება ახალი დანადგარების დამატება, დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა და პროდუქციის ექსპორტირება.
,,ჩვენ ვართ ერთ-ერთი პირველები, ვინც საქართველოში შემოიტანა ის ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს ბიოდეგრადირებადი პარკების წარმოებას. ეს გახლავთ ხსნადი პარკები, რომლებიც ეკოლოგიურად არამავნეა. საექსპერიმენტო-სატესტო წარმოება უკვე დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ ვამზადებთ ასევე გრანულებს, რომლისგანაც მიიღება ფირი და ამ ფირისგან მზადდება ბიოდეგრადირებადი პარკები. საწარმო თვეში დაახლოებით 50 ტონა პარკს აწარმოებს და იგეგმება მასშტაბების გაზრდა. საქართველოში თვეში დაახლოებით 500-დან 700 ტონამდეა მოხმარება, ამიტომ, იგეგმება დანადგარების დამატება, ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება და ექსპორტზე გატანაც. შესაბამისად, გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობაც. ამჟამად 25 პირია დასაქმებული და ვვარაუდობთ, რომ 2021 წლისთვის 100-მდე ადამიანი იქნება ჩვენს საწარმოში დასაქმებული“, - განაცხადა ,,ეკო ჯორჯიას“ დირექტორმა გოჩა ყარყარაშვილმა.