საქართველოს კალათბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე 2019–2020 წლების სეზონში ყველა მიმდინარე ჩემპიონატის გაუქმების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება.
საკალათბურთო ჩემპიონატები კორონავირუსის პანდემიის გამო მარტის დასაწყისიდან იყო შეჩერებული.
ფედერაციამ ჩემპიონატების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საკალათბურთო კლუბების დაფინანსების საკითხი დადებითად გადაწყდა და ყველა საბიუჯეტო დავალიანება, რაც სუპერლიგის და ,,ა" ლიგის გუნდებს ჰქონდათ დაიფარა.
,,კალათბურთის ეროვნული ფედერაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად გააგრძელებს მუშაობას მიმდინარე სიტუაციის შეფასებისა და სამომავლოდ კალათბურთის განვითარებისათვის გასატარებელი აუცილებელი ღონისძიებების შესამუშავებლად, რათა ივლისის თვეში დაგეგმილ მომავალ გამგეობის სხდომაზე მის წევრებს ნათელი სურათი შეექმნათ მომავალი სეზონის ჩემპიონატების დაწყების თარიღების განსაზღვრისათვის", – წერია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.