საზოგადოება
25.05.2020 18:03
პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება
მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფო უწყებები, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ.
„26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში, 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ჩვენი ათასობით მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს შეძლო.
 
 
 
 
კვირის ამბები