სამართალი
25.05.2020 16:56
გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ყოფილი სამხედრო მოსამსახურის საქმეს ნაფიცი მსაჯულები გორში განიხილავენ

გუდაურში მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული მერაბ კობიაშვილის სასამართლო პროცესი გორში მიმდინარეობს.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ, ბრალდებულ კობიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ კობიაშვილის ბრალდების საქმეზე ნაფიცი მსაჯულები იმსჯელებენ.

ამ წუთებში, გორის რაიონულ სასამართლოში, მოსამართლე გოგა კუპრეიშვილის ხელმძღვანელობით, ე.წ. მოთათბირების სხდომა მიმდინარეობს. აღნიშნულ სხდომაზე ნაფიცი მსაჯულებისთვის კითხვარი შედგება, რის შემდეგაც დაიწყება ნაფიც მსაჯულთა შერჩევა.

ცნობისთვის, პარალელურად, თავად ბრალდებულის, მერაბ კობიაშვილის ცემის ფაქტზე ცალკე საქმედ მიმდინარეობს გამოძიება, სადაც 6 პირია ბრალდებული.

ბრალდებული მერაბ კობიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებით სარგებლობდა. ბოლო პერიოდში იგი ტაქსის მძღოლად მუშაობდა და ტურისტებს ემსახურებოდა. დაკავებულ კობიაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს თამაზ გორთამაშვილის მკვლელობისა და კიდევ ერთი პირის მკვლელობის მცდელობისთვის.

კვირის ამბები