გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საავტომობილო გზის, სასმელი წყლისა და გარეგანათების პრობლემების გადაჭრის შემდეგ, სოფელში, ამჯერად სანიაღვრე სისტემის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, აღნიშნულ დასახლებაში, ათწლეულობით დაგროვილი პრობლემების დიდი ნაწილი უკვე გადაიჭრა და მოსახლეობის კეთილდღეობაზე გათვლილი არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილია სამომავლოდაც.
„სოფელ ქერეში, ამჟამად, სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში უკვე მოასფალტდა 1 კილომეტრამდე სიგრძის სოფლის შიდა გზა, რომლის სამუშაოების ღირებულებაც 556 995 ლარია, ასევე, მოგვარდა გზის, წყლისა და გარეგანათების პრობლემები. უახლოეს მომავალში კი, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, ქერეში დაგეგმილია ახალი სკოლის მშენებლობა. შენობის ასაშენებლად საჭირო ფართი გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოყო. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ დღემდე, სოფელში მცხოვრები 60 მოსწავლე მეზობელი სოფლის სკოლაში სწავლობს. ქერეს სკოლის ძველი შენობა ექსპერტთა დასკვნის საფუძველზე, გასული სასწავლო წლის დასაწყისში დაიკეტა“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.