საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს - პრემიერი
საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე განაცხადა.
საბჭოს წევრებმა საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მთავრობის დადგენილებით შენარჩუნებული რიგი შეზღუდვებისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად მათი ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობების შესახებ იმსჯელეს.
„ხელისუფლება აცნობიერებს მოქმედი შეზღუდვებით, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებით, მოსახლებისთვის შექმნილ სირთულეებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ აღნიშნული ნაბიჯები მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საფრთხეების მაქსიმალურად არიდებას და კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით მიღწეული პოზიტიური შედეგების შენარჩუნებას ემსახურება“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღდგენისთვის.