გუდაურში, 16 თებერვალს მომხდარი ერთი ახალგაზრდის მკვლელობის და მეორე პირის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული მერაბ კობიაშვილის სასამართლო პროცესი დღეს გორში გაიმართება.
დაკავებულ კობიაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს თამაზ გორთამაშვილის მკვლელობისა და კიდევ ერთი პირის მკვლელობის მცდელობისთვის.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, შემდგომ კი ცნობილი გახდა, რომ კობიაშვილის ბრალდების საქმეზე ნაფიცი მსაჯულები იმსჯელებენ.
ე.წ. მოთათბირების სხდომა გორის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართება და ნაფიცი მსაჯულებისათვის კითხვარი შედგება, რის შემდეგაც დაიწყება ნაფიც მსაჯულთა შერჩევა.
პარალელურად, თავად ბრალდებულის, მერაბ კობიაშვილის ცემის ფაქტზე ცალკე საქმედ მიმდინარეობს გამოძიება, სადაც 6 პირია ბრალდებული.
ბრალდებული მერაბ კობიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი სამხედრო მოსამსახურეა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლებით სარგებლობდა. ბოლო პერიოდში იგი ტაქსის მძღოლად მუშაობდა და ტურისტებს ემსახურებოდა.