მართვის უფლების მისაღებად, თეორიული გამოცდის ჩაბარების სერვისი დღეიდან მათთვის აღდგება, ვინც რიგი ელექტრონულად დაჯავშნა და სერვისით კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ვერ ისარგებლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ინფორმაციით, აღნიშნულ მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, გავიდნენ თეორიულ გამოცდაზე სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ერთ კონკრეტულ დღეს, ამასთან, მოქალაქეები ტესტრირებას იმავე სერვის-ცენტრში გაივლიან, სადაც ელექტრონულად დარეგისტრირდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების ეტაპობრივ განახლებას განაგრძობს და COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო, შეზღუდული სერვისების მიწოდების შემდეგ ეტაპზე გადადის. დღეიდან, სრულად აღდგება ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა.
სააგენტოს ცნობით, ცნობები პირის ნასამართლეობის, მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე მხოლოდ ელექტრონულად გაიცემა, რისთვისაც მოქალაქემ განაცხადი სააგენტოს ვებ.გვერდზე უნდა გააკეთოს.
ცნობისთვის, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს