სპორტი
23.05.2020 10:41
,,ჩემპიონატის ნაჩქარევად განახლება არ გვარგებს და ტრავმებს გამოიწვევს“ – გიორგი ნემსაძე

,,ვარჯიშის დაწყებიდან 3–4 კვირა მაინც უნდა მოგვეცეს დრო ჩემპიონატის განახლებამდე, რათა ტრავმების სიხშირე თავიდან ავიცილოთ“ – ამის შესახებ გორის ,,დილას“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ნემსაძემ ერთ–ერთ ქართულ ვებ გვერდთან (Live.ge) ინტერვიუში განაცხდა.

,,ჩემპიონატის დაწყების წინ გავიარეთ საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გორში და უცხოეთშიც. ფეხბურთელები კარგ ფორმაში იყვნენ, ორი ტურიც ვითამაშეთ, მაგრამ შემდეგ შეწყდა ჩემპიონატი და ფეხბურთელებისთვის მოგვიწია გვეთქვა, რომ უნდა ყოფილიყვნენ სახლში.

მართალია, ,,დილას“ სამწვრთნელო სტაფს შემუშავებული აქვს გარკვეული პროგრამა, რომლის მიხედვითაც ჩვენმა ფეხბურთელებმა უნდა ივარჯიშონ ინდივიდუალურად, თუმცა ასეთი ვარჯიშები უბრალოდ საჭიროა, იმისათვის, რომ კუნთები მინიმალურად მაინც იყოს მზად შემდგომი დატვირთვებისთვის. ეს, უბრალოდ, სულ უქმად ყოფნას ჯობია, თორემ ფეხბურთელები ფორმაში ასე რა თქმა უნდა ვერ შევლენ. შესაბამისად, ჩემპიონატის ნაჩქარევად განახლება არ გვარგებს და გამოიწვევს ტრავმების სიხშირეს.

ამის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია ჩემპიონატის განახლებამდე 3–4 კვირა მაინც მოგვეცეს სრულფასოვანი მოსამზადებელი შეკრებისთვის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობენ ისეთი ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან ამის შესახებ და მე ვფიქრობ, რომ სეზონის განახლებამდე, სავარჯიშოდ საკმარის დროს მისცმენ კიდეც გუნდებს“ – განაცხადა გიორგი ნემსაძემ.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო ჩემპიონატის შეწყვეტამდე ეროვნულ ლიგაში 2 ტური ჩატარდა. გორის ,, დილამ“ აქედან ერთი მატჩი მოიგო, მეორე კი ფრედ დაასრულა და ამჟამად სატურნირო ცხრილის ლიდერთა შორისაა.

კვირის ამბები