საზოგადოება
23.05.2020 09:51
საგანგებო მდგომარეობა დღეიდან გაუქმდა, რა შეზღუდვები მოიხსნა და რა დარჩა ძალაში

საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი აღარ მოქმედებს. შესაბამისად, ღამის საათებში გადაადგილება დღეიდან ნებადართულია. რაც შეეხება სხვა შეზღუდვებს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში შეზღუდვების ნაწილი კვლავ მოქმედებს.

საქართველოს პარლამენტმა გუშინ მიიღო „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლის საფუძველზეც დარეგულირდება მთავრობის დადგენილებით ყველა ის შეზღუდვა, რომელიც იმოქმედებს საქართველოში 15 ივლისამდე.

* 23 მაისიდან დახურულ საჯარო სივრცეებში კვლავ სავალდებულა პირბადეების ტარება, მათ შორის სავაჭრო ობიქტებშიც.

* სავალდებულოა სოციალური დისტანცის დაცვა.

* უქმდება ავტომობილებში სამკაციანი შეზღუდვა და ეს შეზღუდვა იმოქმედებს მხოლოდ ტაქსით მომსახურეობის დროს.

* ყველა ტაქსის მძღოლი ვალდებულია, მგზავრების გადაყვანისას გამოიყენოს პირბადე.

* 70 წლის და მეტი ასაკის ადამიანებისთვის გაუქმდა შეზღუდვა სახლიდან გასვლაზე.

* კვლავ შეზღუდულია რესტორანში, ბარსა და კაფეში მომხმარელების ადგილზე კვებით მომსახურება.

* ამ ეტაპზე შეზღუდულია სასტუმროების ფუნქციონირება.

* იზღუდება 10-ზე მეტი ფიზიკური პირის თავშეყრა სოციალურ ღონისძიებებზე - ქორწილი, იუბილე, ქელეხი და ა.შ.

* ნებადართული არ არის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით მოვაჭრე მაღაზიების ფუნქციონირება (გარდა ონლაინ ვაჭრობისა).

* შეზღუდულია ე.წ მოლებისა და ბაზრობების ფუნქციონირება (გარდა იმ აგრარული ბაზრებისა, რომლებსაც მიეცათ ფუნქციონირების უფლება).

* შეზღუდულია სპორტული და კულტურული ობიექტების ფუნქციონირება და ამ ხასიათის ღონისძიებების ჩატარება.

* აზარტული და მომგებიანი თამაშების წარმოება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონული ფორმით.

* სახელმწიფო სერვისების ნაწილი კვლავაც დისტანციურად განხორციელდება.

* შეზღუდვები შენარჩუნდა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით საქალაქთაშორისო გადაადგილებაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ყველა აღნიშნული შეზღუდვის ეტაპობრივ მოხსნაზე ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე იმსჯელებს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს.
ამჟამად მოქმედი ყველა შეზღუდვის დარღვევის შემთხვევაში, როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირები დაჯარიმდებიან.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა. ე.წ. კომენდანტის საათი და გამკაცრებული შეზღუდვები კი 31 მარტიდან მოქმედებდა.

 

კვირის ამბები