შიდა ქართლის გუბერნატორმა საგანგებო მდგომარეობის პერიოდში რეგიონში გატარებული ღონისძიებები შეაჯამა და მედიის წარმომადგენლებს განხორციელებულ ღონისძიებებსა და ამჟამად არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია.
გიგი ხოჯევანიშვილის განცხადებით, პანდემიის გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საოპერაციო შტაბმა, რომელიც ჯანდაცვის, სამართალდამცავი უწყებების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად აფასებდა სხვადასხვა მიმართულებით არსებულ მდგომარეობას და უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან შეთანხმებით იღებდა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს.
,,რეგიონში, საგანგებო მდგომარეობის და თვითიზოლაციის წესების დარღვევის 500-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა. 3246 მოქალაქეს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. თვითიზოლაციის ორკვირიანი პერიოდი 1162-მა ადამიანმა გაიარა. ლუგარის ლაბორატორიაში 2229 ნიმუში იქნა გაგზავნილი. რაც შეეხება დარღვევებს, საგანგებო მდგომარეობის და თვითიზოლაციის წესების დარღვევის 500-ზე მეტი ფაქტი გამოვლინდა.
მას შემდეგ, რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა, უზრუნველვყავით სამედიცინო პერსონალის შეუფერხებლად გადაადგილება და სამედიცინო სექტორში დასაქმებული 700-მდე პირი, როგორც რეგიონის შიგნით, ასევე, თბილისის მიმართულებითაც სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით გადაადგილდებოდა.
რეგიონში შეიქმნა მოხალისეთა ჯგუფებიც, რომელთა დახმარებითაც, ოთხივე მუნიციპალიტეტეში 755 ბენეფიციარი ყოველდღიურად იღებს უფასო სადილს.
სოციალური დახმარების კუთხით ძალიან იაქტიურა კერძო სექტორმაც. გამოჩნდა რამდენიმე კომპანია, რომელმაც სასურსათო პროდუქტებით დახმარების სურვილი გამოთქვა.
ასევე, კერძო სექტორის და სახელმწიფო შემწეობის ფარგლებში გაიცა 5300 პაკეტი დევნილი ოჯახებისთვის, 16500 - მრავალშვილიანი და სოციალურად შეჭირვებული ოჯახებისათვის. ეს პროცესი არ დასრულებულა და ამჟამადაც გრძელდება. დღემდე გრძელდება საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ოჯახებზე სურსათის გაცემაც.
ორგანიზაცია ,,წითელი ჯვრის“ დახმარებით, 200 სასურსათო და 200 ჰიგიენური საშუალებების პაკეტის დარიგება მოხდა ჩვენს რეგიონში.
კერძო სექტორის დახმარებით განხორციელდა ასევე მნიშვნელოვანი დახმარება სოფლის მოსახლეობისთვის. 4 სოფელში, დაახლოებით 230 ჰექტარი მიწა დავუმუშავეთ კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც ამის განსაკუთრებული საჭიროება ჰქონდა. დამუშავდა მიწა, დაითესა სხვადასხვა კულტურები, მოხდა მათი შხამ-ქიმიკატებით მომარაგებაც. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, სამართალდამცავებს, კერძო სექტორს“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა.
სახელმწიფო რწმუნებულმა ყურადღება გაამახვილა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოზრაობის აღდგენასა და ტურისტული ლოკაციების გახსნაზეც.
,,შემდგომი საკითხი არის ის, რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დროებით დახურვის პროცესს. გახსოვთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით გაუქმდა ჯერ მუნიციპალიტეტების შიგნით, შემდეგ მუნიციპალიტეტებს შორის დამაკავშირებელიც. აღნიშნული საკითხი დღეის ჩათვლით რჩება ასევე შეზღუდულად და არ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, თუმცა, ალბათ, უახლოეს მომავალში დაიგეგმება აღდგენა. აღდგენაც, ჩემი ვარაუდით, მოხდება ორ ეტაპად - ისევ საქალაქთაშორისო და მერე ინტერმუნიციპალური ტრანსპორტიც აღდგება.
ასევე, იცით, რომ ქვეყანაში დაწესებული რეგულაციებიდან გამომდინარე, დახურულია რეგიონში ყველა ტურისტული ლოკაცია, თუმცა, ტურიზმის გახსნასთან ერთად, ჩვენთანაც მოხდება ტურისტული ლოკაციების გახსნა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ ტურიზმის ეროვნულ სააგენტოსთან. მათი მხრიდან ხდება შემუშავება სხვადასხვა სტანდარტების, თუ როგორი ფორმით უნდა მოხდეს ტურისტული ლოკაციების გახსნა და ერთ-ერთი პირველი იქნება უფლისციხე, სადაც როგორც შიდა, ასევე უცხოელი ვიზიტორების მიღება იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.