საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, შესაძლოა, მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტი დაწესდეს - ეკატერინე ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმ რეგულაციებზე, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავებას ეხება და გარკვეულ სტანდარტებს, სავარაუდოდ, მომდევნო კვირისთვის შეიმუშავებს.
„ხელისუფლება ითვალისწინებს იმ ფაქტორს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ, სოციალური დისტანცირების დაცვა რთული იქნება. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, დეტალური მუშაობის ჩატარება იმისთვის, რომ შემდგომში არ შეიქმნას გარკვეული რისკები, რომლის შედეგადაც მთავრობა, შესაძლოა, ისევ იძულებული გახდეს, საგანგებო მდგომარეობა დააწესოს და დავბრუნდეთ იმ სტატუსზე, რომელიც მარტის თვეში გვქონდა. ერთ-ერთი რეგულაცია, რომელსაც საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებით განვიხილავთ, ესაა მგზავრების რაოდენობაზე ლიმიტის დაწესება. ბუნებრივია, გარკვეული ზომების მიღება მოგვიწევს მძღოლების უსაფრთხოების დაცვის კუთხითაც,“- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.