პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება იძულებულია, მოსახლეობის უსაფრთხოების გათვალისწინებით გარკვეული სახის შეზღუდვები შეინარჩუნოს, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების თვალსაზრისით, - ეს განცხადება გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ იძულებულები ვართ, გარკვეული სახის შეზღუდვები შევინარჩუნოთ, მაგალითად, გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების შეზღუდვა, სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების, სპორტული და კულტურული ღონისძიებების, ასევე, საზღვრებზე კონტროლის თვალსაზრისით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ დღეს საქართველო წარმატებულია კოვიდ 19-თან ბრძოლაში, წარმატებული არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავდგით დროული პრევენციული ნაბიჯები.
საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია. პანდემია საქართველოშიც არ არის დამარცხებული ისევე, როგორც გლობალურად მსოფლიოში”, - განაცხადა პრემიერმა.
კონკრეტული შეზღუდვები, რომელთა შენარჩუნებაც იგეგმება, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.