შიდა ქართლში შეღავათიან ფასად აგროდიზელით ფერმერების უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი ადგილზე გაეცნო. მასთან ერთად, ადგილობრივ ფერმერებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი, შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარაძე და კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს დირექტორი ლევან გიორგაძე შეხვდნენ.
„იმ შეღავათებით სარგებლობას, რაც სახელმწიფოს მიერ იქნა განსაზღვრული სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ფერმერები შეუფერხებლად შეძლებენ. პროგრამის მონაწილეები დიზელის საწვავს ფასდაკლებით მიიღებენ, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.
კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“-ს დირექტორის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ფერმერები „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე სახელმწიფო შეღავათით 20 მაისის შემდეგ შეუფერხებლად სარგებლობენ.
შეგახსენებთ, რომ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა.
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში. 27 მაისიდან კი, აგროდიზელის ფასდაკლების ბარათების გაცემას ლიბერთი ბანკის ფილიალებიც დაიწყებს.
ცნობისთვის, პირველ ეტაპზე - 20 მაისიდან ფასდაკლების ბარათები გაიცემა ფიზიკურ პირებზე, ხოლო 1 ივნისიდან - მიწის თანამესაკუთრეებსა და იურიდიულ პირებზე.