გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ფერმერებისთვის გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული აგრობარათების დარიგების პროცესს გაეცნო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის პირველი მოადგილე რეგიონში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორთან, ილია თამარაშვილთან და შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულის მოადგილესთან, ნუგზარ სამხარაძესთან ერთად იმყოფებოდა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პროგრამა წარმატებით და შეფერხებების გარეშე განხორციელდეს. ფერმერები პროგრამით დარიცხული ქულების გამოყენებას 2021 წლის 20 მაისის ჩათვლით შეძლებენ. მასობრივი შეკრებების თავიდან ასაცილებლად, ბანკში ვიზიტამდე, მათ დისტანციურად უნდა გადაამოწმონ ინფორმაცია ბანკის ვებ-გვერდზე. ფერმერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ამ წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
შიდა ქართლის მხარის გუბერნატორის მოადგილის, ნუგზარ სამხარაძის განცხადებით, შიდა ქართლის რეგიონში აგრობარათს 40 000-ზე მეტი ფერმერი მიიღებს, რაც მათთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა.
შეგახსენებთ, რომ 20 მაისიდან, ეტაპობრივად დაიწყო „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა ლიბერთი ბანკის აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისთვის. ამავდროულად, ეტაპობრივად მიმდინარეობს ბანკის მიერ აგრობარათების დარიგებაც. ფერმერებს უკვე შეუძლიათ, დარიცხული ქულებით სასოფლო-სამეურნეო საქონლის შეძენა სპეციალიზებულ მაღაზიებში.
ცნობისთვის, პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 0.25-დან 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით).