23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობასთან ერთად კომენდანტის საათიც გაუქმდება, - აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
გახარიას თქმით, დღეს საქართველოში covid19-ის ინფიცირების რვა ახალი შემთხვევაა, სტაციონარში კი, მკურნალობას გადის ერთდროულად 224 ადამიანი.
„რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომ გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, მაგრამ ამავდროულად, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდებულებაა, ქვეყანა ნელ-ნელა რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ჩვეულ ტემპს დაუბრუნდეს. სამწუხაროდ, დღეს დაზუსტებით ვერავინ ამბობს პოსტკოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე.
ვალდებულება, რომ ნელ-ნელა, ფრთხილად და გააზრებულად დავუბრუნდეთ ჩვენს ნორმალურ ცხოვრებას, როგორც ეკონომიკური მიმართულებით, ასევე ჩვენი სოციალური მიმართულებით, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი, ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, აღარ გაგრძელდეს კომენდანტის საათი“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მარტს გამოცხადდა.