მოქალაქეებს, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან შემოსავლები შეუმცირდათ, საბანკო კრედიტის პროცენტი კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას გააკეთა.
პრემიერის თქმით, ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია.
„ჩვენი მოქალაქეების საბანკო სესხებთან დაკავშირებით გეტყვით, რომ საქართველოს მთავრობის და საბანკო სექტორის ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის შედეგად, კრიზისის პირველივე ეტაპზე მივიღეთ ერთობლივად გადაწყვეტილება და ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტი 3 თვით გადაუვადა, ეს სამი თვე უკვე გავიდა. გუშინ გვქონდა შეხვედრა საბანკო სექტორთან და მივიღეთ ერთობლივი, შეჯერებული გადაწყვეტილება - ყველა იმ მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება შედგომი სამი თვის განმავლობაში, ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება. გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი და აქვს საბანკო კრედიტი და რომელიც თავისი სურვილით ბანკს მიმართავს, ასევე მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადავადება სამი თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.