საზოგადოება
21.05.2020 11:06
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტატისტიკით, დაავადებულთა რაოდენობის მიხედვით, რეგიონებს შორის ყველაზე მინიმალური დონე გვაქვს - ვასილ ჭეიშვილი

,,გორმედის“ ქსელის ე.წ. ცხელების ცენტრებში ამჟამად 11 პაციენტია მოთავსებული. ,,გორმედის“ გენერალური დირექტორის, ვასილ ჭეიშვილის ინფორმაციით, რეგიონში დაავადების გავრცელების მხრივ არსებული სტატისტიკა იმას მოწმობს, რომ შიდა ქართლში, როგორც სამედიცინო სექტორმა, ისე სახელისუფლებო სტრუქტურებმა და საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ კონსოლიდირებულად და ეფექტურად იმუშავეს.

,,ამჟამად, გორში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 2 პაციენტი, ხაშურში არცერთი პაციენტი არ გვყავს და ქარელის ცხელების ცენტრში მოთავსებულია 9 პაციენტი.

რაც შეეხება ,,გორმედის“ ქსელის ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოს, რომელიც მთლიანად გადაკეთებულია ცხელების ცენტრად, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გატარებულ იქნა 210 პაციენტი და არცერთს არ დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია.

ზოგადად, რეგიონში ვითარება მშვიდია. გუშინ გამოქვეყნდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სტატისტიკა და რეგიონებს შორის ყველაზე მინიმალური დონე გვაქვს დაავადებულთა რაოდენობის მიხედვით. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ შიდა ქართლში, როგორც სამედიცინო სექტორმა, ისე სახელისუფლებო სტრუქტურებმა და საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ კონსოლიდირებულად და ეფექტურად იმუშავეს, დროულად მიიღეს ყველა ზომა და შესაბამისად, შეიზღუდა ინფექციის გავრცელება“, - განაცხადა ვასილ ჭეიშვილმა.

 

კვირის ამბები