20.05.2020 14:38
გორის მუნიციპალიტეტში ოქროს მედალზე სკოლა 208 მოსწავლემ დაამთავრა
გორის მუნიციპალიტეტში, ოქროს მედალზე სკოლა 208 მოსწავლემ დაამთავრა, - აღნიშნულის შესახებ GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, დღეს მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი ოფიციალურად დასრულდა. გორის მუნიციპალიტეტში სკოლა 1364-მა მოსწავლემ დაამთავრა, თუმცა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებით შექმნილი მდგომარეობის გამო „ბოლო ზარი“ საზეიმოდ არცერთ სკოლაში აღნიშნულა. „გორის მუნიციპალიტეტში სკოლა საჯარო და კერძო სკოლების 1364-მა მოსწავლემ დაამთავრა, აქედან 542 გორის საჯარო სკოლების მოსწავლეა, 89 მოზარდი კერძო სკოლაში სწავლობდა, 733 მათგანი კი, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეა. რაც შეეხება მედალოსნებს, 208 ოქროს, 75 მოსწავლე კი ვერცხლის მედალს მიიღებს. მინდა, ყველა მეთორმეტეკლასელს მივმართო თქვენი საინფორმაციო საშუალების მეშვეობით, ძვირფასო კურსდამთავრებულებო, ჩემო ახალგაზრდა მეგობრებო! ვიცი, როგორ ელოდით დღევანდელ დღეს დიდი ხნის განმავლობაში. ვიცი, სხვანაირად წარმოგედგინათ სკოლაში ყოფნის ბოლო დღე. დღეს, ყველა სკოლის ადმინიტრაცია და ყველა პედაგოგი განსაკუთრებულად გეფერებათ, მეც - მათ შორის. სიყვარულით დაგილოცავთ გზას დიდ ცხოვრებაში. გისურვებთ გააზრებული, თავისუფალი, სწორი არჩევანის გაკეთებას. იმის მიუხედავად, საით გაგიწევთ თქვენი გული და გონება, წარმატება იყოს თქვენი მეგზური. ქვეყანას სჭირდებით თითოეული თქვენგანი თქვენი შესაძლებლობებით და გისურვებთ ამ შესაძლებლობების რეალიზებას. მიგულეთ თქვენს გულშემატკივრად“, - აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა GMnews-თან საუბრისას.