ოკუპირებული ცხინვალის საავადმყოფოდან გადამოყვანისას, გზაში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში უტარდება, შემდგომ კი, გარდაცვლილის ახლობლებთან შეთანხმებით გაირკვევა, სად გადაასვენებენ.
ჯუმბერ მილაძის მეუღლე ოკუპირებული ახალგორის რაიონში, სოფელ ქვემო ალევში იმყოფება.
ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები 63 წლის მამაკაცი, რომელიც ცხინვალიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადმოჰყავდათ, დღეს დილით გზაში გარდაიცვალა.
ახლობლების ინფორმაციით, მილაძეს რამდენჯერმე გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მისი ოჯახის წევრებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის და სათანადო სამედიცინო სერვისებით სარგებლობის უფლება არ მისცეს.
დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მხოლოდ გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ,,წითელი ჯვრის“ მეშვეობით, პაციენტის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა მომხდარიყო
დღეს დილით, სასწრაფო დახმარების მანქანით ცხინვალიდან გადმოყვანისას, მილაძე გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გზაში დაიღუპა.