გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, საბავშვო ბაღების მენიუ ბავშვისთვის საჭირო დღიური კალორაჟის გათვალისწინებითაა შედგენილი, რაც თითოეულ აღსაზრდელზე 1292 კალორიას გულისხმობს.
GMnews-ი ესაუბრა გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს კვების სპეციალისტს, მიხეილ დალაქიშვილს. მისი ინფორმაციით, საკვები შემოწმებას ყოველდღიურად გადის და აღსაზრდელებს მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი მიეწოდებათ.
,,გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების აღსაზრდელები დღის განმავლობაში ოთხჯერადად იკვებებიან.
მენიუში გრამობით არის განსაზღვრული აღსაზრდელის მიერ მიღებული თითოეული ინგრედიენტი. მაგალითად პირველი კვირის ორშაბათს, საუზმეზე, კერძიდან „ფეტვის ფაფა გოგრით“ თითოეული აღსაზრდელი იღებს: გოგრას 20 გრ-ის, ფეტვს 25 გრ-ის, შესქ. რძეს 10 გრ-ის, კარაქს (82.5%) 5 გრ-ის, შაქარი 8 გრ-ის ოდენობით.
აღსაზრდელების კვებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე ხელმისაწვდომია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში“, - განაცხადა მიხეილ დალაქიშვილმა.