კონფლიქტები
20.05.2020 12:42
ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები მამაკაცი, რომელიც ცხინვალიდან სასწრაფო დახმარების მანქანით გადმოჰყავდათ, გზაში დაიღუპა

ოკუპირებული ახალგორის რაიონში, სოფელ ქვემო ალევში მცხოვრები, 1957 წელს დაბადებული ჯუმბერ მილაძე, რომელსდაც ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, ცხინვალიდან გადმოყვანისას, გზაში გარდაიცვალა.

ახლობლების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მილაძეს რამდენჯერმე გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მისი ოჯახის წევრებს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის და სათანადო სამედიცინო სერვისებით სარგებლობის უფლება არ მისცეს.

რამდენიმე დღის წინ, როცა ჯუმბერ მილაძის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა, იგი ოკუპირებული ახალგორიდან ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა მხოლოდ გუშინ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ორგანიზაცია ,,წითელი ჯვრის" მეშვეობით, პაციენტის საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა მომხდარიყო

დღეს დილით, სასწრაფო დახმარების მანქანით გადმოყვანისას, მილაძე გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, გზაში დაიღუპა.

GMnews-თან საუბრისას აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი.

კვირის ამბები