დღეიდან პენიტენციურ სისტემაში მოქმედი შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი დაიწყო, რომლის თანახმადაც, დაწესებულებებში მყოფ პირებთან ამანთების შეგზავნა განახლდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, ყველა ნივთი, რაც ამანათის ან საფოსტო გზავნილის სახით მიწოდებული იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში გაივლის დეზინფექციას (გარდა საკვები პროდუქტებისა). სამსახურის ცნობითვე, აღნიშნული პროცედურა გარკვეულ დროს მოითხოვს, ამიტომაც გზავნილის პენიტენციურ დაწესებულებაში მოწოდების მომენტიდან პატიმრისთვის ჩაბარებას ჩვეულებრივზე რამდენიმე საათით მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლის 5 მარტიდან, პენიტენციურ სისტემაში განსაკუთრებული პირობები ამოქმედდა. ამ პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, აკრძალული იყო პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების და საფოსტო გზავნილების (გარდა წერილებისა) შეგზავნა.