20 მაისს, მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის სწავლა დასრულდა. „ტელესკოლის“ ფარგლებში კი, მათი, როგორც აბიტურიენტების ინტერესების გათვალისწინებით, სპეციალური გაკვეთილები 15 ივნისამდე გაგრძელდება.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მე-12 კლასის მოსწავლეებს სკოლის დასრულება მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - სკოლის დამთავრებას. ალბათ, ბევრჯერ გიფიქრიათ, როგორი იქნებოდა თქვენი ,,ბოლო ზარი", დღე, როცა დატოვებდით სკოლის კედლებს და შეაბიჯებდით ცხოვრების ახალ და საინტერესო ეტაპზე, თუმცა, აქამდე არნახულმა გამოწვევამ, რომლის წინაშეც ახლა მთელი კაცობრიობა დგას, სწავლის დასკვნით ეტაპზე თქვენს სკოლებს, საყვარელ მეგობრებს და მასწავლებლებს დაგაშორათ. მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ შეძელით გამკლავებოდით იმ გამოწვევებს, რაც თან ახლდა დისტანციურ სწავლებას. ამ პირობებში, ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო, უზრუნველყოფილი ყოფილიყო სასწავლო პროცესის უწყვეტობა. თქვენს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება - ახალი გამოცდილებებით, ურთიერთობებით, მეგობრებით, განვითარების ახალი პერსპექტივებითა და პასუხისმგებლობით. თქვენ გამორჩეული თაობა ხართ და მჯერა, ასეთივე განსაკუთრებულ მომავალს შექმნით, წარმატებებს გისურვებთ ამ საინტერესო გზაზე“ - მიმართა მინისტრმა მოსწავლეებს.