საზოგადოება
20.05.2020 10:19
გამყოფ ხაზთან მდებარე 19 სოფლისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებაზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს, 11 სოფელი გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შედეგად, დამატებით, 19 სოფელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭება. საქართველოს მთავრობის ამ ინიციატივაზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს.

აღნიშნული 19 დასახლებიდან 11 სოფელი - ბერშუეთი, ახალუბანი, მეჯვრისხევი, ქერე, ხურვალეთი, ჯარიაშენი, აძვი, ფლავი, ფლავისმანი, ქვემო ხვითი და ქვეში გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, 8 სოფელი კი დუშეთის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის – ბაქაქურები, ზემო კოდისწყარო, ზემო შუახევი, ილტოზა, პეტრიანი, ქედელობა, ქვემო კოდისწყარო, ქვემო შუახევი.

სტატუსის მინიჭებით, აღნიშნული სოფლების მცხოვრებლები სოციალური და საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ.

,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო შეღავათები უმნიშვნელოვანესია ოკუპირებული ტერიტორიების პერიმეტრის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისთვის და იმედი მაქვს, პარლამენტი მხარს დაუჭერს მთავრობის ამ ინიციატივას, - აღნიშნა GMnews-თან სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში გიგი ხოჯევანიშვილმა.

,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო შეღავათები უმნიშვნელოვანესია ოკუპირებული ტერიტორიების პერიმეტრის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისთვის, მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ ცხოვრება უფრო ღირსეულ პირობებში შეძლონ, შესაბამისად, ჩვენს რეგიონში, გამყოფ ხაზთან მდებარე 11 სოფლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია მთავრობის ის ინიციატივა, რომელზეც პარლამენტი დღეს იმსჯელებს. ეს პროცესი ჩვენ შარშან დავიწყეთ, როდესაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან ერთად შეხვედრებს ვმართავდით მოსახლეობასთან, სწორედ მათი მხრიდან დადგა ეს საკითხი და შემდგომ, საკანონმდებლო პაკეტის სახით ჩამოყალიბდა”, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობის ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, კანონში შეიცვლება მაღალმთიანი დასახლების და ასეთ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირისთვის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრული კრიტერიუმები. 

ცვლილების თანახმად, სხვა კრიტერიუმების დაკმაყოფილების გარეშე, მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭებათ ზღვის დონიდან 800 მეტრსა და მეტ სიმაღლეზე მდებარე იმ სოფლებს, რომლებიც  გამყოფი ხაზის პერიმეტრის სიახლოვეს მდებარეობენ და ასევე, იმ დასახლებებს, რომლებიც შედიან ისეთ მუნიციპალიტეტში, რომელთა სოფლების 80% ან მეტი მაღალმთიანი დასახლების სტატუსით სარგებლობს.

იცვლება 2000 მეტრზე ან მეტ სიმაღლეზე მდებარე დასახლებებში  მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმიც. ამ სტატუსის მისაღებად, ასეთ დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების  9 თვიანი პირობის ნაცვლად, საკმარისი იქნება 6 თვიანი პერიოდი. 

,,მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი პარლამენტმა 2015 წლის 16 ივლისს მიიღო.

კვირის ამბები