19.05.2020 14:34
პირბადეების ტარება, ფიზიკური დისტანცირება და მსგავსი აკრძალვები შესაძლოა, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც დარჩეს ძალაში
22 მაისს ვწყვეტთ საგანგებო მდგომარეობას, მაგრამ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მინიმალური შეზღუდვების გარკვეული დროით შენარჩუნება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, - აღნიშნულის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გააკეთა.
ხუნდაძის თქმით, ამისთვის აუცილებლია, დაზუსტდეს არსებული კანონმდებლობა, რის მიხედვითაც, მთავრობას ექნება უფლებამოსილება, შეინარჩუნოს რიგი შეზღუდვები, მათ შორის - საზღვრების ეპიდემიოლოგიური კონტროლი, საკარანტინო სივრცეების მართვა, საჭიროების შემთხვევაში, კლინიკებისა და ლაბორატორიების მობილიზება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეგულირება და პრევენციული ღონისძიებებისთვის აუცილებელი ზომების შემოღება, მაგალითად - პირბადეების ტარება, ფიზიკური დისტანცირება და ა.შ.
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება. კანონპროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.