სპორტი
19.05.2020 11:05
გერმანიაში საფეხბურთო ჩემპიონატი განაახლეს, ვინ იქნება შემდეგი

გერმანიაში ფეხბურთი გასულ უქმეებზე ბუნდესლიგის მორიგი ტურით განახლდა.

ამ ქვეყნის ფეხბურთის მესვეურებმა, საფუძვლიანი განსჯის შემდეგ შესაძლებლად მიიჩნიეს ჩემპიონატის გაგრძელება და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთა მიერ მითითებული ყველა წესის დაცვით, სტადიონებზე ბურთი გააგორეს.

მართალია, ბუნდესლიგა ჯერჯერობით ცარიელი ტრიბუნებით, მაყურებლის გარეშე მიმდინარეობს, მაგრამ განვლილ 26–ე ტურს, ტელევიზიით ასობით მილიონმა მაყურებელმა მიადევნა თვალი.

ფეხბურთელები პირბადეების გარეშე თამაშობდნენ, განსხვავებით სათადარიგოთა სკამზე მჯდომთაგან და მწვრთნელებისგან. პირბადით იყვნენ ტრიბუნებზე მყოფი კლუბების წარმომადგენლები და ჟურნალისტებიც. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელები გატანილ გოლსაც დისტანციურად აღნიშნავდნენ.

რასაკვირველია, ასეთი უჩვეულო და უმაყურებლო ფეხბურთი სასიამოვნო სანახავი არაა, მაგრამ დასაწყისისთვის ესეც მისაღებია.

თანაც, უკვე ევროპის სხვა ქვეყნებშიც აპირებენ საფეხბურთო ჩემპიონატების გაგრძელებას. მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში გამოცხადდა ოფიციალურად, რომ ჩემპიონატები, რომლებიც მარტში შეწყდა, აღარ განახლდება და აგვისტოდან პირდაპირ ახალ სეზონს დაიწყებენ.

რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, გერმანიის შემდეგ, კიდევ რომელი ქვეყანა განაახლებს საფეხბურთო ჩემპიონატს.

 

კვირის ამბები