18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. აღნიშნული თარიღი მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ (ICOM) 1977 წლის 18 მაისს დაფუძნდა. 2015 წელს კი, საქართველოც შეუერთდა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოების მიერ წამოწყებულ ინიციატივას - „ღამე მუზეუმში“ და დამთვალიერებელს ამ დღესთან დაკავშირებით, ყოველწლიურად, ღია კარის დღეებს სთავაზობდა, თუმცა, წელს, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების გამო, მუზეუმებმა, დამთვალიერებელთან დისტაციური კონტაქტის გზა აირჩიეს. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წელს, მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა: „მუზეუმები თანასწორობისთვის – მრავალფეროვნება და ინკლუზია“.
„ჩვენს ქვეყანასა და მსოფლიოში განვითრებული მოვლენების გამო 2020 წლის მუზეუმის საერთაშორისო დღე გადადის ციფრულ ფორმატში. ონლაინრეჟიმში გაგაცნობთ სააგენტოს მუზეუმებსა და აქ დაცულ კოლექციებს. იმედი გვაქვს, მალე კვლავ შევხვდებით სამუზეუმო სივრცეებში“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
GMnews-ის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ჩართულია გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი მუზეუმებიც, მათ შორის უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი, რომელიც ონლაინსივრცეში მნახველებს უფლისციხის ისტორიას და არტეფაქტებს გააცნობს. ფილმი „უფლისციხე“ მუზეუმ-ნაკრძალის ფეისბუქგვერდზე განთავსდება.