საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ოლიმპიელებისთვის საწვრთნელი პროცესის განახლების აუცილებლობაზე საუბრობს. შესაბამის განცხადებას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„ჩვენ ოფიციალური წერილით მივმართეთ საქართველოს მთავრობას, აგრეთვე - განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. ვითხოვთ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაისვას და დადებითად გადაწყდეს საკითხი ქართველი ოლიმპიელებისთვის საწვრთნელი პროცესის განახლების შესახებ.
საუბარია შეზღუდულ კონტიგენტზე - დაახლოებით 200 სპორტსმენზე, რომლებიც ტესტირების გავლის შემდეგ განაწილდებიან რამდენიმე სპორტულ ბაზაზე და ქვეყანაში მოქმედი ყველა საგანგებო წესის ზედმიწევნით დაცვით, სპეციალურ სივრცეში განაახლებენ ვარჯიშს.
საგულისხმოა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რჩევით და ადგილობრივ ხელისუფალთა დასტურით, მსგავსი პრაქტიკა უკვე ფართოდ არის გავრცელებული მთელ მსოფლიოში, მათ შორის - ევროპის ქვეყნებში: საწვრთნელ პროცესში სხვადასხვა ფორმით უკვე ჩართულნი არიან ოლიმპიური ლიცენზიანტები და ის სპორტსმენები, რომლებსაც შემოდგომაზე ან 2021 წლის დასაწყისში მოუწევთ ტოკიოს ოლიმპიადის საგზურებისთვის ბრძოლა. ამ ბრძოლისთვის ჩვენც მზად უნდა ვიყოთ.
დიდი იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლება გულისყურით შეისწავლის ამ პრობლემას და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - აცხადებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.