საზოგადოება
18.05.2020 12:08
მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება დღიდან აღდგა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო დღეიდან მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება და COVID 19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული სერვისების მიწოდებას სრულად განაახლებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, მომსახურების სააგენტო სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს და მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ პირბადით.
„აღსანიშნავია, რომ დღეიდან, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდით. იმ პირებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების საშუალებაც მიეცემათ. ამასთანავე, აღდგა ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის სერვისიც. ამ ეტაპზე, მომსახურების სააგენტოში დროებით არ ხორციელდება: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე
ელექტრონული რიგის დაჯავშნა, თეორიული გამოცდის ჩაბარება და ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები. რაც შეეხება ცნობებს პირის ნასამართლობის, პირის მსჯავრდების, სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის, პირის მიერ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა-გადმოკვეთის და იარაღის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ამ ეტაპზე განაცხადის მიღება ხდება მხოლოდ ელექტრონული ფორმით, სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით. სატრანსპორტო საშუალების საბაჟო და სარეგისტრაციო მომსახურება კი, ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები