საქართველოს რაგბის კავშირის საშეჯიბრო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2019/2020 წლების სეზონის დუბლშემადგენლობების, ჭაბუკთა და საფესტივალო ჩემპიონატები აღარ განახლდება, კაცთა ლიგებში კი, სავარაუდოდ, ტურნირები აგვისტოში განახლდება, მკაცრად გაწერილი და აუცილებლად შესასრულებელი პირობების გათვალისწინებით.
დიდი 10-ის, პირველი და მეორე (რეგიონალური) კაცთა ლიგების, შესაბამისი დებულებებით ეტაპობრივი განახლების სავარაუდო გეგმის მიხედვით 22 მაისიდან გუნდებს მიეცემათ რეკომენდაცია მოთამაშეთა ინდივიდუალური ვარჯიშების გააქტიურების შესახებ. 1 ივნისიდან 10-10 კაციან ჯგუფებად, მოედანზე (ღია სივრცეში) 3 და მეტ მეტრიანი დისტანციის დაცვით, 20 ივნისიდან 10-ზე მეტი სპორტსმენით.
1 ივლისიდან გუნდებს სავარაუდოდ შესაძლებლობა მიეცემათ გადავიდნენ სრულფასოვან (კონტაქტურ) ვარჯიშებზე. ყველაფერი ეს, ყველა ზემოთაღნიშნულ ეტაპზე მოხდება COVID 19-ის მენეჯერის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. ამასთან, ჩატარდება გასახდელების ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ დეზინფიცირება. გარდა ამისა, უნდა მოხდეს მოთამაშეთა და პერსონალის ვარჯიშამდე სკრინინგი;
ჩემპიონატების გაგრძელება სავარაუდოდ იგეგმება 24-26 ივლისს, ან 31.07-02.08, თუმცა, სტადიონზე მაყურებლების დაშვების გარეშე (ცარიელი ტრიბუნებით).
განახლებების სავარაუდო სქემები:
დიდი 10 | ჩატარდება რეგულარული სეზონის დარჩენილი 4 ტური, რომელსაც მიყვება პლეიოფები არსებული დებულების შესაბამისად – სულ გაიმართება 8 ტური (დიდი ფინალის ჩათვლით). მატჩები ჩატარდება 4 დღიანი ინტერვალით, ანუ ყოველ მე-5 დღეს.
1-ლიგა | ჩატარდება რეგულარული სეზონის დარჩენილი 3 ტური, რომელსაც მიყვება საპლეიოფო, გადასასვლელი 2 ტური – სულ გაიმართება 5 ტური. მატჩები ჩატარდება 5 დღიანი ინტერვალით, ანუ ყოველ მე-6 დღეს.
რეგიონალური (მეორე) ლიგა | ჩატარდება 2 საპლეიოფო და 2 გადასასვლელი ტური – სულ 4 ტური; მატჩები გაიმართება 7 დღიანი ინტერვალით, ანუ ყოველ მე-8 დღეს;