საზოგადოება
17.05.2020 10:15
რეგიონის აგრარულ ბაზრებში სერიოზული სამუშაოები ჩატარდა ოპერირების უფლების მისაღებად - გიგი ხოჯევანიშვილი

შიდა ქართლში არსებული 5 აგრარული ბაზრიდან, მთავრობის მიერ დადგენილი სტანდარტების დაცვის საფუძველზე, ფუნქციონირების აღდგენის უფლება ამ ეტაპზე სამ ობიეტს მიეცა.

შიდა ქართლის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა, მოადგილესთან, სიმონ გულედანთან და სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, გორში განახლებული აგრარული ბაზარი - გეორგია XXI მოინახულა.

სავაჭრო ობიექტის ღია სივრცე უკვე რამდენიმე დღეა ფუნქციონირებს. რაც შეეხება დახურულ დარბაზებს, სადაც ხორცის და რძის პროდუქტების რეალიზაცია ხდებოდა, მიმდინარეობს სამუშაოები და შესაბამისი რეკომენდაციების შესრულების შემდეგ განაახლებს ფუნქციონირებას.

,,შიდა ქართლში დაკეტილი 5 აგრარული ბაზრიდან ფუნქციონირება მხოლოდ სამმა განაახლა - გორსა და ხაშურში. სამივე ობიექტზე, ვირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, გამიჯნულია ობიექტების შესასვლელები და გასასვლელები და ხდება მომხმარებელთა ნაკადის მართვა. საკმაოდ სერიოზული სამუშაოები ჩატარდა არსებული რეკომენდაციების დასაცავად და ფუნქციონირების უფლების მისაღებად. რაც შეეხება გორის აგრარულ ბაზარს, რომელიც რეგიონში მესამე გახლავთ, რომელმაც ფუნქციონირება განაახლა, ფაქტობრივად, აბსოლუტურად შეიცვალა იერსახე როგორც ინდივიდუალური, ასევე საბითუმო ვაჭრობის სივრცეებმა. ამჟამად კი, ბაზრის ადმინისტრაციის მხრიდან მიმდინარეობს მუშაობა, რომ არსებულ სტანდარტებს დაექვემდებაროს ბაზრის დახურული ნაწილიც, სადაც ამჟამად ჯერჯერობით არ არის დაშვებული ვაჭრობა. ოპერირებისთვის ყველა ობიექტს მოუწევს ჯანდაცვის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა”, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

 

კვირის ამბები