ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ერთ სივრცეში 10 აბიტურიენტზე მეტი არ იქნება, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა განათლების ხელმშემწყობი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განახადა.
მინისტრის თქმით, კონკრეტული რეკომენდაციები და გამოცდების ჩატარების პროტოკოლი ივნისში გახდება ცნობილი, ამასთან, სწორედ ივნისში დასახელდება გამოცდების თარიღებიც.
„ის, რომ გამოცდების დროს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული პროტოკოლი ზედმიწევნით კარგად იქნება დაცული, ცალსახაა. მაგალითად, ერთ ოთახში გამოცდების ჩატარების დროს არაუმეტეს 10 აბიტურიენტის იქნება. გარდა ამისა, იქნება მთელი ნუსხა დეტალური, სპეციფიური პროტოკოლისა, რომელიც ივნისში ეროვნული გამოცდების თარიღების გამოცხადების დროს გასაჯაროვდება“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.
როგორც მინისტრმა განათლების ხელმშემწყობი ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, ამ დროისთვის ეროვნული გამოცდების იმავე ფორმატით და იმავე რიცხვში ჩატარება იგეგმება. თუმცა, ეპიდსიტუაციისა და ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაძლოა ეროვნული გამოცდების ჩატარების თარიღებმა აგვისტოში გადაიწიოს.