საზოგადოება
15.05.2020 10:53
თვითდასაქმებულები ერთჯერადი დახმარების მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ვებ.გვერდზე რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ

დღეიდან თვითდასაქმებულები ერთჯერადი დახმარების მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ვებ.გვერდზე რეგისტრაციას შეძლებენ, - აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალებზე, დღეს 12:00 საათზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია ისაუბრებს.

თვითდასაქმებულები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან შემოსავლების სამსახურში და 2020 წლის აპრილიდან დაკარგეს შემოსავალი, არაუგვიანეს პირველი ივლისისა, განაცხადი უნდა შეავსონ ჯანდაცვის სამინისტროს ვებ.გვერდზე.

ჯგუფში შედიან: მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკურ პირები, რომლებიც ახორციელებენ ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრ საქმიანობას, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე მეწარმეები და ინდივიდუალური მეწარმეები. კომპენსაციის მისაღებად მათ არ დასჭირდებათ შემოსავლის წყაროს მტკიცებულების წარდგენა. მიღებული განაცხადები დამუშავდება და კომპენსაცია გადაირიცხება რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღეში.

„რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რომლებიც არ არიან რეგისტრირებულები, ამ ადამიანებს ასევე ჩვენი სამინისტროს ვებ.გვერდზე განთავსებულ პორტალზე მოუწევთ პერსონალური ინფორმაციის განთავსება - პირადი ნომერი, საკუთარი სახელი და გვარი და ასევე, რაიმე ტიპის დამადასტურებელი საბუთის ატვირთვა, რომელიც მათ ეკონომიკურ საქმიანობას ან შემოსავალს პირველი კვარტლის განმავლობაში დაადასტურებს. ამ განცხადებების განხილვა მოხდება კომისიური წესით, შემდეგ კი, მოხდება დახმარებების გადარიცხვა თითოეულ მოქალაქეზე უმოკლეს ვადაში,“ - განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით, თვითდასაქმებულებს სახელმწიფო ერთჯერადად 300-ლარიან კომპენსაციას დაურიცხავს.

კვირის ამბები