საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობასა და ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე ისაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ლატვიაში, სადაც პარლამენტის მეგობართა ჯგუფის წევრებს შეხვდა. მინისტრმა დეტალურად მიმოიხილა სამინისტროს ინიცირებული სამშვიდობო ინიციატივა - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც აქტიური იმპლემენტაციის პროცესშია.
„შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა ლატვიის სეიმის წევრებთან, საქართველოს მეგობრობის ჯგუფთან. გავუზიარეთ ის ინფორმაცია, რაც უკავშირდება მიმდინარე ოკუპაციისა და გადაუჭრელი კონფლიქტის პირობებში არსებულ უსაფრთხოებასა და ჰუმანიტარულ გამოწვევებს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი დაინტერესებაა, რადგან ლატვია ჩვენი ახლო მეგობარი და მტკიცე მხარდამჭერია. ლატვია ძალიან გვგულშემატკივრობს და გვეხმარება, რომ დავძლიოთ ეს პრობლემები. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილე ჰუმანიტარულ საკითხებზე და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ვისაუბრეთ ასევე სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკაზე და საბოლოო ჯამში მთავარი გზავნილი ის გახლავთ, რომ ლატვია მომავალშიც აუცილებლად გააგრძელებს საქართველოს ძალიან მყარ მხარდაჭერას. აქ, ამ ქვეყანაში და ამ რეგიონში ყველაზე კარგად ესმით რუსული საფრთხის ქვეშ ცხოვრება იმიტომ, რომ ჩვენ საერთო გვაქვს ისტორიის ის სამწუხარო ფურცლები, რომლებიც საბჭოთა წარსულს უკავშირდება. მოგეხსენებათ, ეს არ არის ჩვენი ქვეყნების ხანგრძლივი ისტორიისთვის ყველაზე კარგი პერიოდი. მათ კარგად ესმით ჩვენი წუხილი, იმ ადამიანების წუხილი, რომლებიც კონფლიქტის შედეგებს ყოველდღე განიცდიან და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მათი მხარდაჭერა. როგორც პოლიტიკური და ასევე სხვა პრაქტიკული თვალსაზრისით“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
შეხვედრაზე პარლამენტის მეგობართა ჯგუფის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ლატვიის რესპუბლიკის ურყევი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. აგრეთვე, გამოთქვეს მზადყოფნა მხარი დაუჭირონ საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკისა და სამშვიდობო ინიციატივების შეუფერხებლად განხორციელებას.