საზოგადოება
13.05.2020 15:35
ფერმერებს აგრო ბართზე დარიცხული ქულების განაღდება მხოლოდ სპეციალიზირებულ აგრომაღაზიებში შეეძლებათ
ფერმერები ყოველ 1 ჰექტარზე მიღებული 200 ლარის გამოყენებას მხოლოდ სპეციალიზირებულ აგრომაღაზიებში შეძლებენ, - ეს განცხადება სოფლის მეურნეობის განვითარების საააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჯიბლაძემ გააკეთა. მისივე განმარტებით, 0.25 ჰა-დან 5 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო რეგისტრირებული მიწის მესაკუთრე ფერმერები 1 ჰა-ზე დარიცხული 200 ლარის განაღდებას მხოლოდ სპეციალიზირებულ მაღაზიებში, სასოფლო სამეურნეო საქონელის შესაძენად შეძლებენ.

„ფერმერებს დაურიგდებათ „ლიბერთი ბანკის“ პლასტკიკური ბარათები, ან შესაძლოა მათ ეს ბარათები უკვე აქვთ, სადაც დაერიცხებათ 1 ჰექტარზე გადაანგარიშებით 200 ლარი და შემდეგ ამ ბარათების გამოყენებას სპეციალიზებულ მაღაზიებში შეძლებენ, სადაც არის სპეციალური ტერმინალები. ანუ კონკრეტულად იმ პროდუქტით მოვაჭრე ობიექტებში, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარსამართადაა საჭირო, იქნება ეს შხამ-ქიმიკატები, მცენარეთა მოვლის საშუალებები თუ სხვა. ამავდროულად, 1 ჰექტარზე მეტი მიწის მეპატრონეებს, შესაძლებლობა მიეცემათ ისარგებლონ მექანიზაციის სერვისით, სადაც ანალოგიური პრინციპით გაანაღდებენ ბარათზე დარიცხულ ქულებს და მექანიზაციის სერვისს მიიღებენ“, - აღნიშნა გიორგი ჯიბლაძემ.

ცნობისთვის, მთავრობის მიერ წარდგენილი სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირებაა. პროგრამის მიხედვით, გლეხებს აგრო ბარათზე ყოველ 1 ჰა-ზე 200 ლარის ექვივალენტი 200 ქულა დაერიცხებათ.
კვირის ამბები