„მინდა, თითოეულ ფერმერს მოვუწოდო, ის მიწა, რომელიც სარგებლობაში გაგაჩნიათ და შეგიძლიათ დაირეგისტრიროთ, ეს პროცესი რაც შეიძლება დააჩქარეთ იმისთვის, რომ გახდეთ იმ პროგრამის ბენეფიციარები რომელსაც დღეს სახელმწიფო ახორციელებს“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა..
გიორგი გახარიას თქმით, მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს, ძალზე მნიშვნელოვანი დეტალია და სოფლის მეურნეობის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმასთან ერთად განიხილება.
„ყველა ის დახმარება, რასაც ფერმერების ხელშეწყობისთვის სახელმწიფო განახორციელებს, პირდაპირ არის დაკავშირებული დარეგისტრირებულ მიწასთან. იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანაში ფერმერების განვითარებას, ყველა ის ადამიანი, ვისაც შეიძლება რაიმე მიზეზით დღეს მიწა არ აქვს დარეგისტრირებული, მაგრამ წლის ბოლომდე მოახერხებს მიწის რეგისტრაციას ეს შეღავათები და დახმარება შეეხებათ. მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს, ვეხმარებით სოფელს. ეს არის ზრუნვა არა მხოლოდ სოფელში მცხოვრებ ადამიანზე, არამედ ეს არის ზრუნვა თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე და ეს არის ზრუნვა, რა თქმა უნდა, ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოებაზე,“ – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ქვეყანაში, სამი წლის განმავლობაში სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა.