საზოგადოება
11.05.2020 12:39
საზაფხულო ბაღების ფუნქციონირება წელს არ იგეგმება

კორონავირუსის პანდემიის გამო არსებული გარკვეული რისკებიდან გამომდიარე, ქვეყნის მასშტაბით, სოციალური პროექტი „საზაფხულო ბაღები“ წელს არ განხორციელდება, - როგორც ცნობილია, აღნიშული გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა ანტიკრიზისულმა საბჭომ მიიღო.
გორის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, სააგენტო მოცემულ მომენტრში ანტიკრიზისული საბჭოს მითითებების გათვალისწინებით მუშაობს.
„მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში არსებული პანდემიური მდგომარეობის გამო, მოგეხსენებათ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი მარტში შეწყდა და აღარ განახლებულა. ჩვენ ვასრულებთ უწყებათაშორისი ანტიკრიზისული საბჭოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვებთან რთულია იმ რეკომენდაციების დაცვა, რისი აუცილებლობაც დგას დღეს ჩვენს წინაშე, მიმდინარე სასწავლო წელს საბავშვო ბაღებში სწავლა არ გაგრძელდება. ამავდროულად, არ იფუნქციონირებს საზაფხულო ბაღებიც“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას ლია კოვზიაშვილმა.
ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა, შედეგად, გორში ყოველ ზაფხულს, ივლისის თვეში, 3 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა, რომლებიც 250-მდე აღსაზრდელს ემსახურებოდა.

კვირის ამბები