საზოგადოება
08.05.2020 16:53
შიდა ქართლში აღებული 92 ახალი ნიმუშის პასუხი უარყოფითია, 5 დღეა Covid 19-ის შემთხვევა რეგიონში აღარ დაფიქსირებულა

შიდა ქართლში კვლავ ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება სამედიცინო პერსონალის და მოქალაქეების სკრინინგი, ახლახანს მივიღეთ ინფორმაცია, რომ 92 ახალ ნიმუშზე არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ ფიქსირდება, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა. გიგი ხოჯევანიშვილმა კომენტარი გააკეთა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაცვლილ პაციენტთან დაკავშირებითაც.

,,ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა, გარდაიცვალა ერთი პაციენტი. აღნიშნული პირი  შიდა ქართლის რეგიონის მცხოვრები არ იყო, მას სხვა ტერიტორიაზე დაუდასტურდა covid 19-ით ინფიცირება და ერთ-ერთი სამედიცნო დაწესებულებიდან გადმოიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებოდა.

დეტალებს რაც შეეხება, ჩემს კომპეტენციას სცილდება და შესაბამისად, სხვა დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ აღნიშნულ პაციენტს სხვა თანმხლები პრობლემებიც ჰქონდა.

რაც შეეხება შიდა ქართლში მიმდინარე სკრინინგს, ბოლო 24 საათის განმავლობაში  92 ნიმუში იქნა აღებული და ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება. ფაქტობრივად, უკვე 5 დღეა, რეგიონში დადასტურებული შემთხვევა აღარ გვაქვს“, - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

კვირის ამბები