საზოგადოება
08.05.2020 13:53
გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაცვლილი კოვიდინფიცირებული პაციენტი შიდა ქართლის მაცხოვრებელი არ არის

გორის სამხედრო ჰოსპიტალში კორონავირუსით გარდაცვლილ 45 წლის ქალს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, - ამ ინფორმაციას გორის სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.

მათი განმარტებით, პაციენტი შიდა ქართლის მაცხოვრებელი არ არის და სამხედრო ჰოსპიტალში ვირუსული ინფექციის ნიშნებით, 29 მარტს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გადმოიყვანეს.

„ლუგარის კვლევით ცენტრში ჩატარებული PCR ტესტირების შედეგად, მას COVID-19 დაუდასტურდა. პაციენტს ასევე აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, უნივერსალური სიმსუქნე. პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც ვლინდებოდა ორმხრივი პნევმონია, მრავლობითი ინფილტრაციები ე.წ. „დაბურული მინის“ ტიპით. მოგვიანებით განვითარდა ორმხრივი სპონტანური სისხლჩაქცევა თხემ-კეფის მიდამოში (ნეიროქირურგიულად შეფასდა როგორც ინოპერაბელური). მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული, რის გამოც ის მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადიოდა. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში მკურნალობის დღიდან იყო მძიმე, რასაც განაპირობებდა თანხმლები დაავადებები. მკურნალობა მიმდინარეობდა პროტოკოლის მიხედვით, თუმცა ვირუსის შედეგად გამოწვეული სხვადასხვა დაავადების გართულებით, ექიმების მცდელობის და ძალისხმევის მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი“, - ნათქვამია გორის სამხედრო ჰოსპიტალის მიერ გავცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მოქალაქე საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მეათე პაცინეტია.

 

კვირის ამბები