საზოგადოება
08.05.2020 12:46
აბიტურიენტებისთვის, ვისაც ეროვნულ გამოცდებზე ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, შესაძლოა, სპეციალური კაბინები მოეწყოს - თამარ გაბუნია
იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თერმოსკრინინგით ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, შესაძლოა, სპეციალური კაბინები მოეწყოს. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა. როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, ყველაზე დიდი გამოწვევა, რის წინაშეც ახლა სისტემა დგას, ვენტილაციის საკითხია.
ვინაიდან, საგამოცდო ცენტრებში კონდიცირების სისტემის გამოყენება ვენტილაციის გარეშე რეკომენდებული არ არის.
„ახლაც ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან და დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად იმ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რაც ეროვნული გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყობს. აქ არის რამდენიმე კონკრეტული პირობა, პირველი ისევ და ისევ რჩება დისტანცირება. დისტანცია უნდა იყოს საიმედო იმისთვის, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. სულ მცირე მაგიდების დაშორება უნდა მოხდეს 1,5 - 2 მეტრით, ასევე, გამოვიყენებთ თერმოსკრინინგს. საუბარია იმაზეც, რომ ზაფხულის სიცხის პირობებში, რამდენად იქნება შესაძლებელი შეიქმნას იზოლირებული კაბინები იმ აბიტურიენტებისთვის, ვისაც შესაძლოა, ტემპერატურის მატება დაუფიქსირდეს. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია ვენტილაციის უზრუნველყოფა საგამოცდო ოთახში. აქ კონდიცირების სისტემის გამოყენება არ არის რეკომენდებული, თუ არ იქნა თანმდევი ვენტილაცია. სწორედ ახლა ყველაზე რთული გადაწყვეტა იქნება უსაფრთხო ვენტილაცია იმ გარემოში, სადაც აბიტურიენტები ჩააბარებენ გამოცდას. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ახლა ჩვენს წინაშე დგას და იმედი მაქვს, ამ ნაწილის ტექნიკური გადაწყვეტა დროულად მოხერხდება ისე, რომ გამოცდების ჩატარებას საფრთხე არ შეექმნას“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
კვირის ამბები