ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ახალი კორონავირუსი 11 ადამიანს აქვს დადასტურებული, კარანტინში კი 175 ადამიანი იმყოფება. ე.წ. მთავარი სანიტარული ექიმის, მარინა კოჩიევას ინფორმაციით, კარანტინში იმყოფება მიმდინარე კვირაში რუსეთის ფედერაციიდან დაბრუნებული 160 სტუდენტიც.
შექმნილი სიტუაციის გამო, დე-ფაქტო ხელისუფლებამ 10-დან 17 მაისამდე რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
ამგვარი მდგომარეობის და რისკების მიუხედავად, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმი ცხინვალში დაგეგმილი აღლუმის გადადებას არ აპირებს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, უწყება აქტიურად თანამშრომლობს წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ერთადერთია, ვისაც აქვს წვდომა ცხინვალის რეგიონში და ახლა მუშაობს იმისთვის, რომ ყველაზე მოწყვლად პირებს ახალგორში და დანარჩენი ცხინვალის რეგიონში გაუწიოს გარკვეული ჰუმანიტარული დახმარება.
„ვრცელდება ინფორმაცია ცხინვალის რეგიონში კოვიდინფიცირებული პირების შესახებ, რაც არ არის მოულოდნელობა. არც ის არის სიახლე, რომ სამწუხაროდ, ჯანდაცვის სისტემა არ არის გამართული და ვერ აწვდის ხარისხიან მომსახურებას მოსახლეობას. მე მინდა იმედი გამოვთქვა და ვუსურვო ჩვენს მოქალაქეებს მალე გამოჯანმრთელება. აქვე ხაზგასმით და კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მზაობა, რომ დავეხმარებით ჩვენს მოსახლეობას, მათ შორის კოვიდინფიცირებულებს. ადგილზე იცით, რომ წვდომა არის შეზღუდული. ვთანამშრომლობთ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ერთადერთია, ვისაც აქვს ეს წვდომა და ეხლა მუშაობს იმისთვის, რომ ყველაზე მოწყვლად პირებს ახალგორში და დანარჩენ ცხინვალის რეგიონში გაუწიოს გარკვეული ჰუმანიტარული დახმარება. გარდა ამისა, დამატებითი შემზღუდავი ზომები, რომლებიც დაანონსდა როკზე, ფაქტობრივად, სრულ იზოლაციაში მოაქცევს მოსახლეობას, რომელიც ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაშია. არის კიდევ ერთი ძალიან შემაშფოთებელი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფაქტობრივად, რამდენიმე დღის განმავლობაში, დღეის მდგომარეობითაც, ტარდება სამხედრო აღლუმი, რომელიც არა მხოლოდ უკანონო ძალის დემონსტრირებას ახდენს, არამედ ქმნის ძალიან რეალურ საფრთხეს ინფექციის გავრცელების და მინდა ვთხოვო მოსახლეობას და მოვუწოდო, რომ დაიცვან რეკომენდაციები და თავი შეიკავონ აი ამ რთულ პერიოდში მასობრივი თავშეყრის ადგილებისგან, გაუფრთხილდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და სხვებს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.