„თურქეთის ავიახაზები“ კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყვეტილი შიდა და საერთაშორისო ფრენების განახლებას ივნისიდან გეგმავს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შიდა და საერთაშორისო რეისების განხორციელება ივნისიდან ეტაპობრივად, სამთვიანი გეგმის ფარგლებში განახლდება.
როგორც ცნობილია, თურქეთი ივნისიდან, ფრენებს 22 მიმართულებით, 19 ქვეყანაში განაახლებს.
„თურქეთის ავიახაზების“ ოფიციალურ გვერდზე თბილისი-სტამბოლის რეისისა და ბილეთის ფასის შესახებ მონაცემები უკვე განახლდა. ინფორმაციის თანახმად, პირველი რეისი თბილისიდან სტამბოლის მიმართულებით 28 მაისს შესრულდება და ეკონომ-კლასში ბილეთის ფასი 166,36 დოლარი იქნება, ბიზნეს-კლასში კი - 537,86 დოლარი.
შეგახსენებთ, „თურქეთის ავიახაზებმა“ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ფრენები კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შესამცირებლად 28 მაისამდე შეწყვიტა. საქართველოში კი, კორონავირუსის პანდემიის გამო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები 2020 წლის 22 მაისამდეა ძალაში.