ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ ახალი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე გაგვაჩნია ის ახალი მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტები, რომელიც პანდემიის შემდეგ უფრო მეტად აქტუალური გახდება მსოფლიოსთვის, - ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გააკეთა.
ტურიზმის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე ნათია თურნავამ ის კონკრეტული მიმართულებებიც დაასახელა, რაც, ექსპერტების აზრით, ახალ რეალობაში ყველაზე მოთხოვნადი იქნება.
„ჩვენი უპირატესობა არის ის, რომ ახალი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე გაგვაჩნია ის ახალი მოთხოვნადი ტურისტული პროდუქტები, რომელიც პანდემიის შემდეგ უფრო მეტად აქტუალური გახდება მსოფლიოსთვის. ეს არის ისეთი ტიპის აქტივობები, რაც დაკავშირებულია ღია სივრცესთან, სადაც შესაძლებელია, რომ ადამიანების ერთ ადგილზე ზედმეტი თავშეყრის გარეშე მივაწოდოთ ხარისხიანი ტურისტული სერვისები. ეს არის: სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, ეკო და აგრო ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, დაცული ტერიტორიები, მთის კურორტები,“ - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურიზმის ინდუსრტიაში მომუშავე კომპანიები 2020 წელს ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან და ამასთან, საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.